პრინცი ალფრედი დაიბადა 1844 წლის 6 ივლისს სარის საგრაფოში. იგი იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მეოთხე შვილი და მეორე ვაჟი. როგორც მონარქის ვაჟს, მას დაბადებიდანვე მიენიჭა „მისი სამეფო უდიდებულესობისა“ და ედინბურგის ჰერცოგის წოდებები. აღსანიშნავია ისიც, რომ დაბადებისას უფროსი ძმის, უელსის პრინც ედუარდის შემდეგ ტახტის მეორე მემკვიდრე იყო.
1856 წელს იგი დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებში გაწევრიანდა. 1862 წელს იგი საბერძნეთის მეფობის კანდიდატად მოიაზრებოდა და რეფერენდუმშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ლონდონის კონფერენციაზე მიღებული დადგენილების გამო ვერ შეძლო გამეფება, რის გამოც საბერძნეთის ტახტი მისი ძმის ცოლის, ალექსანდრა დანიელის ძმამ, გეორგიოს I-მა დაიკავა.
1867-1868 წლებში ალფრედი დედამიწის გარშემო მოგზაურობდა. იგი იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელიც ეწვია ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ინდოეთსა და ჰონგ-კონგს. იგი ასევე ეწვია ტრისტანი-და-კუნიის კუნძულებს, სადაც მის პატივსაცემად ქალაქს „შვიდი ზღვის ედინბურგი“ დაარქვეს.
1874 წლის 23 იანვარს ზამთრის სასახლეში, სანქტ-პეტერბურგში პრინცმა ალფრედმა ცოლად შეირთო სრულიად რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ერთადერთი ასული, დიდი მთავარი მარია ალექსანდროვნა რომანოვა, რომელსაც მამამ მზითვში 100,000 ფუნტი გაატანა, ხოლო ყოველთვიურ პენსიად დამატებით 20,000 დაუნიშნა. წყვილი ლონდონში იმავე წლის 12 მარტს ჩავიდა. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, ლონდონური საზოგადოება კი მარია ალექსანდროვნას ვერ ეგუებოდა მისი ამპარტავნული ხასიათის გამო. მიუხედავად ამისა, დედოფალი ვიქტორია მას თავისი ფავორიტი რძლის, უელსის პრინცესა ალექსანდრას შემდეგ ყველაზე დიდი პატივით ეპყრობოდა.
თავის მხრივ იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სიძის პატივსაცემად დააარსა რუსული კოლონია „ედინბურგის ჰერცოგი“. იგივე სახელი დაარქვა რიგასთან მდებარე პატარა სოფელს, რომელსაც 1922 წლიდან სახელი შეუცვალა ვლადიმირ ლენინმა.
1893 წლის 22 აგვისტოს მამამისის ძმა, საქსენ-კობურგის და გოთას ჰერცოგი ერნესტ II უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ალფრედმა, როგორც მისმა ძმისწულმა დაიკავა (ედუარდმა უარი თქვა საქსენ-კობურგის და გოთას ტახტზე, შემდგომში მისი ბრიტანეთთან არასასურველი კავშირის თავიდან ასაცილებლად). ჰერცოგის წოდების მიღების შემდეგ იგი თავის ცოლ-შვილთან ერთად გადასახლდა კობურგში, ცენტრალურ გერმანიაში.
1899 წლის იანვარში ალფრედი და მარია გოთას სასახლეში თავიანთი ქორწინების ოცდამეხუთე წლისთავის იუბილეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც მათმა ერთადერთმა ვაჟმა, პრინცმა ალფრედმა თავის მოკვლა სცადა 24 წლის ასაკში. ამას ცხადია დიდი სკანდალი მოჰყვა, თუმცა პრინცი გადარჩა და დედამისმა იგი სასწრაფოდ გაამგზავრა საავადმყოფოში, სადაც მიყენებული ჭრილობებისაგან იგი 6 თებერვალს გარდაიცვალა. ამ ამბავმა საშინლად იმოქმედა ალფრედზე.
1900 წლის 30 ივლისს ალფრედი გარდაიცვალა 55 წლის ასაკში, ყელის სიმსივნით. იგი დაკრძალეს კობურგში, ჰერცოგთა მავზოლეუმში. ამის შემდეგ ტახტი მისმა ძმისწულმა, ჩარლზ ედუარდმა დაიკავა.
დედამისისთვის, დედოფალი ვიქტორიასათვის მისი გარდაცვალება რთულად გადასატანი აღმოჩნდა, რამეთუ მას ორი შვილი, ალისა და ლეოპოლდი უკვე გარდაცვლილი ჰყავდა და მესამეს დაკარგვას ვეღარ გაუძლო, რის გამოც იგი ამ ამბიდან ერთ თვეში, 1901 წლის იანვარში გარდაიცვალა. იმავე წელს გარდაიცვალა ალფრედის უფროსი და, იმპერატრიცა ვიქტორიაც.
Heathcote, Tony (2002). The British Admirals of the Fleet 1734 – 1995. Pen & Sword Ltd. ISBN 0-85052-835-6.
McKinlay, Brian The First Royal Tour, 1867–1868, (London: Robert Hale & Company, c1970, 1971) 200p. ISBN 0-7091-1910-0
Sandner, H., Das Haus Sachsen-Coburg und Gotha, (Coburg: Neue Presse, 2001).
Van der Kiste, John, & Jordaan, Bee Dearest Affie, (Gloucester: Alan Sutton, 1984)
Van der Kiste, John Alfred, (Stroud: Fonthill Media, 2013)
ourtney, Nicholas; Foreword by Prince Andrew, Duke of York (2004). The Queen's Stamps: The Authorized History of the Royal Philatelic Collection. London: Methuen. p. 27. ISBN 0-413-77228-4. ...he set his heart from an early age on the Royal Navy with 'a passion which we, as his parents, believe not to have a right to subdue'
One or more of the preceding sentences incorporates text from a publication now in the public domain: Barwick, George Frederick (1911). "Alfred Ernest Albert". In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. 1 (11th ed.). Cambridge University Press. p. 584.
"Progress of His Royal Highness, Prince Alfred Ernest Albert, through the Cape Colony, British Kaffraria, the Orange Free State, and Port Natal in the year 1860"