დოგვილი
დოგვილი (ინგლ. Dogville) — 2003 წლის ფსიქოლოგიური დრამა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. ფილმში მონაწილეობენ: ნიკოლ კიდმანი, ლორენ ბეკოლი, კლოი სევინი, პოლ ბეტანი, სტელან სკარსგარდი, უდო კირი და ჯეიმზ კაანი. გრეის მალიგენის ამბის მოსაყოლად სცენის მსგავსი გადასაღები მოედანია გამოყენებული. ქალი, რომელიც განგსტერებს ემალება, ჩამოდის პატარა მთიან ქალაქ დოგვილში, სადაც მას ადგილობრივები ფიზიკური სამუშაოს სანაცვლოდ შეიფარებენ. გრეისმა უნდა დაიმსახუროს ქალაქის ყოველი მცხოვრების მხარდაჭერა, რათა დარჩენის ნება დართონ, ამიტომ მისმა ყოველმა ცდამ, რომ ბევრი რამ საკუთარი ნებით გააკეთოს ან თავისი მუშაობა შეამსუბუქოს, შეიძლება კვლავ კრიმინალების ხელში დააბრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ქალს არანაირი უფლებები არ გააჩნია, მისი გოდვილში დარჩენა ცვლის ადგილობრივების ცხოვრებასა და თავად ქალაქს. ფილმი არის ლარს ფონ ტრიერის ტრილოგიის პროექტის „აშშ - შესაძლებლობათა მიწის” პირველი ნაწილი, რომელსაც მალევე „მენდერლეი” (2005) მოჰყვა. ტრილოგია „ვაშინგტონით”, მესამე ნაწილით - დასრულდება. ფილმი 2003 წლის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის ერთ-ერთი ნომინანტი იყო,[1] მაგრამ ეს ჯილდო გას ვან სანტის „სპილომ” მიიღო. „დოგვილი” ნაჩვენები იყო სხვადასხვა კინოფესტივალზე, სანამ ფილმზე, 2004 წლის 26 მარტს აშშ-ი შეზღუდვები დაწესდა. ფილმის სტრუქტურაფილმი შედგება 9 თავისა და პროლოგისგან. პროლოგი
დოგვილი კლდოვან მთებში მდებარე ძალიან პატარა ამერიკული ქალაქია, რომელიც მიტოვებულ ვერცხლის მაღაროსთან მდებარეობს. გზა სწორედ ამ მთებისკენ მიდის და გზაც იქ წყდება. ფილმი პროლოგით იწყება, რომელშიც ვხვდებით ქალაქის თხუთმეტი მცხოვრებიდან – ათს. ისინი წარმოგვიდგებიან, კეთილი ხალხი პატარა ნაკლებით, რომლის გამოსწორებაც რთული არაა. ქალაქს ტომ ედისონ უმცროსის გადმოსახედიდან ვხედავთ. ის მოწადინებული მწერალია, რომელიც თავისი ქალაქელების რეგულარული შეკრებისა და „მორალურ საკითხებზე” საუბრის გამო თავის საქმეს ცდება. ტომს სურს ფიზიკოსი მამის კვალს გაჰყვეს და გახდეს მასავით ქალაქის მორალური და სულიერი ლიდერი. თავი 1-ლი
ტომი პირველია, ვინც გრეისს ხვდება. ქალი განგსტერებს გაურბის და ჩვენ ვიჯერებთ, რომ მას ესროლეს. გრეისი, მშვენიერი და თავმდაბალი ქალია. მას სურს, რომ გზა გააგრძელოს და გაიქცეს, თუმცა ტომი არწმუნებს, რომ მთები ძალზედ რთული გადასალახია. სანამ ისინი საუბრობენ, განგსტერები ქალაქამდე აღწევენ და ტომი მაშინვე მალავს გრეისს, ახლომდებარე მაღაროში. ერთ-ერთი განგსტერი ტომს ეკითხება თუ ნახა ქალი, რასაც ბიჭი უარყოფს. შემდეგ განგსტერი მას ჯილდოს სთავაზობს და ბარათს აძლევს, რომელზეც ტელეფონის ნომერი წერია, რათა მან დარეკოს იმ შემთხვევაში თუ გრეისი გამოჩნდება. ტომი გადაწყვეტს, რომ მის მომდევნო შეხვედრაზე გრეისი გამოიყენოს როგორც „თვალსაჩინოება” - შანსი ქალაქის მცხოვრებთათვის, რომ მათ დაამტკიცონ თავიანთი პატივისცემა საზოგადოებრივი ღირებულებებისადმი, ასევე ის, რომ საჩუქრის მიღება ძალუძთ და სურთ უცნობის დახმარება. ხალხი სკეპტიკურაად განწყობილი. ტომი მათ არწმუნებს, რომ გრეისს შანსი უნდა მისცენ, რათა დაამტკიცოს, რომ ის კარგი ადამიანია. გრეისს ორ კვირას აძლევენ. მან ქალაქის მცხოვრებლებს თავი უნდა მოაწონოს. თავი მე-2
ტომი ურჩევს გრეისს, რომ ქალაქის მცხოვრებლებს დაეხმაროს საშინაო საქმეებში. ქალიც რჩევას იღებს: უმეგობრდება მარტოსულ, ბრმა ჯეკ მაკეის, სხვებს მაღაზიის მართვაში ეხმარება, უვლის ჩაკისა და ვერას შვილებს. თავიდან დოგვილელები ქალს ეჭვის თვალით უყურებენ და დახმარების ნებას არ რთავენ. თუმცა მალევე ხალხი იღებს გრეისის დახმარებას. ასე ქალი ნელ-ნელა ქალაქის საზოგადოების ნაწილი ხდება. თავი მე-3
შეთანხმების თანახმად გრეისმა უნდა გააგრძელოს დოგვილელების დახმარება. ის ასეც იქცევა და ამაში მცირე ხელფასსაც უხდიან. ქალს თანდათან მეგობრები უჩნდება. მათ შორისაა ბრმა ჯეკიც, რომელსაც თავი ისე მოაქვს, რომ თითქოს ბრმა არ არის. გრეისი მას პროვოკაციას უწყობს, რათა მან აღიაროს, რომ მართლაც ბრმაა. მოხუცი თავის სიბრმავეს აღიარებს. თავი მე-4
დოგვილში ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიდის, სანამ პოლიცია დაკარგული პიროვნების პლაკატის გასაკრავად მოვა. პლაკატზე გრეისის ფოტო და სახელია. ქალაქის მცხოვრებლების აზრი ორად გაიყო: ერთნი თვლიან რომ გრეისის შესახებ პოლიციას უნდა შეატყობინონ, მეორენი კი არ ფიქრობენ ასე. თავი მე-5
ოთხი ივლისის ზეიმამდე ყველაფერი კვლავ ჩვეულებისამებრ გრძელდება. ტომი უცნაურ სიტუაციაში უტყდება გრეისს სიყვარულში, ქალიც სიყვარულითვე პასუხობს. მთელი დოგვილი თანხმდება, რომ გრეისის დამსახურებით ეს ქალაქი უკეთესი გახდა. ამასობაში კვლავ პოლიცია მოდის, რათა დაკარგულის პლაკატი, ძებნილის პლაკატით ჩაანაცვლოს. ირკვევა რომ გრეისს ბანკის გაძარცვაში მონაწილეობისთვის ეძებენ. დოგვილელები თვლიან, რომ ქალი უდანაშაულო იქნება, ვინაიდან იმ დროს, როდესაც ძარცვა მოხდა, გრეისი მათ ქალაქში იყო. მაგრამ მაინც ხიფათი გაიზარდა: აღმოჩნდა რომ ქალაქის მცხოვრებლებმა შეიფარეს ძებნილი, ამიტომ გრეისმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს, შრომის ანაზღაურება კი მცირდება. ეს იდეა ძალიან არ მოსწონს გრეისის, თუმცა ტომის გამო ის შემოთავაზებას თანხმდება. თავი მე-6
დამატებითი სამუშაოების გამო გრეისი შეცდომებს უშვებს. სიტუაცია უარესდება და ხალხიც ახალი განრიგის გამო ერთიანად გაღიზიანებულია. ზოგი მამაკაცი გრეისზე სექსუალურ ძალადობას ცდილობს. ქალები კი მეტად უხეშები ხდებიან. ბავშვებიც კი თავნებობენ: ჩაკისა და ვერას 10 წლის შვილი ჯეისონი, გრეისს სთხოვს, რომ ქალმა მას გაარტყას, დიდი დავიდარაბის შემდეგ გრეისი მართლაც ასე იქცევა. მალე ისევ მოდის პოლიცია. ჩაკი მიდის თავის სახლში, სადაც გრეისი იმალება. ის მას აუპატიურებს და აშინებს, რომ თუკი წინააღმდეგობას გაუწევს, პოლიციასთან დაასმენს. პოლიცია კი მას შემდეგ მიდის, რაც ეტყვიან, რომ ქუდი გრეისს არ ეკუთვნის. გრეისი დაჭერას გადაურჩა, თუმცა მისთვის ნათელია, რომ ქალს ქალაქის მცხოვრებთაგან საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. თავი მე-7
მას შემდეგ, რაც ტომი გრეისს გაქცევის იდეას სთავაზობს, ვერა ქალს შვილის ცემასა და ქმრის შეცდენაში სდებს ბრალს და ემუქრება, რომ გაანადგურებს ფაიფურის ფიგურებს, რომლებიც გრეისმა თავისი გამომუშავებული ფულით, ქალაქის მაღაზიაში იყიდა. ის პატიებას ითხოვს და ახსენებს ვერას, თუ როგორ ასწავლა მის შვილებს სტოიკოსების მოძღვრება. საპასუხოდ, ვერა ეკითხება გრეისს რამე თუ გაეგება სტოიკოსების მოძღვრებაში, რომ არ გამოხატოს არანაირი ემოცია, როდესაც ის მისი ფიგურებიდან ორს გაანადგურებს. გრეისს არ ძალუძს ცრემლების შეკავება და მაშინ ვერა შვიდივე ფიგურას ანადგურებს. გრეისს ამ ქალაქში არაფერი ესაქმება. ტომი ფულს აძლევს გრეისს, ის კი თავის მხრივ მანქანის მძღოლს - ბენს, რათა გრეისი ვაშლის ფურგონით ქალაქიდან გაეპარებინა. გზაში ბენი მანქანის საბარგულში აძვრება, სადაც გრეისი იმალება და ეუბნება, რომ რადგან ქალი პოლიციის ძებნილია, უფრო მეტი უნდა გადაუხადოს. გრეისს ფული არ აქვს. ბენი მასზე ძალას ხმარობს, ფურგონი კვლავ გზას აგრძელებს და ქალს კვლავ დოგვილში აბრუნებს. ქალაქი თანხმდება, რომ ქალს გაქცევის ნება აღარ უნდა მისცენ. ფული, რომელიც გრეისმა ბენს გადაუხადა, რათა გაქცევაში დახმარებოდა, ტომს მამამისისთვის მოუპარავს. ქურდობაში გრეისს ადანაშაულებენ, ტომი თავის ქმედებას არ აღიარებს. გრეისს სპეციალურ საყელოს უკეთებენ და ჯაჭვით დიდ, მძიმე რკინის ბორბალზე აბამენ, რომელიც ხელს შეუშლის დოგვილიდან გაქცევაში. რკინის საყელოზე კი ზარია მიმაგრებული. თავი მე-8
ქალაქის მცხოვრები მამაკაცები თავიანთ რიგს იკავებენ და გრეისზე ყოველდღიურად ხმარობენ ძალას. გვიან ღამის ჩვეულ შეკრებაზე გრეისი, ტომის რჩევის გათვალისწინებით, ყველაფერზე მშვიდად საუბრობს, რისი ატანაც მას ქალაქის მცხოვრებთაგან მოუწია. დაბნეული ხალხი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ქალი თავიდან მოიშორონ. ტომი, რომელიც ერთადერთი ზრდასრული მამაკაცია, რომელსაც გრეისთან სექსი არ ჰქონია, მიდის ქალთან და ცდილობს ქალთან დაწოლას, თუმცა გრეისი უარით პასუხობს. ნაწილობრივ გრეისზე და ნაწილობრივ საკუთარ თავზე გაბრაზებული, რომ თავად ვერ შეძლო მასზე ძალადობა, როგორც სხვებმა, ტომი საბოლოოდ გადაწყვეტს დაურეკოს განგსტერებს. გრეისს დოგვილელები ორდღიანი დასვენების ნებას რთავენ. თავი მე-9, დასასრული
როცა განგსტერები მოდიან და მათ ტომი და სხვა დოგვილელები ეგებებიან. მოსულები გრეისს ათავისუფლებენ და ჩვენ საბოლოოდ ვიგებთ თუ ვინაა ის სინამდვილეში: ბანდის გავლენიანი ლიდერის ქალიშვილი, რომელიც გამოიქცა, რადგან აღარ შეეძლო მამის ბინძური საქმეების ატანა. გრეისის მამა შვილს თავის კადილაკში ხვდება და ეუბნება, რომ ის ამაყია, რადგან სხვებს ისეთივე მაღალი სტანდარტებით არ ეპყრობა, როგორც თავის თავს. თავიდან გრეისს არ სურს, რომ მას მოუსმინოს, თუმცა, როდესაც მამამისთან განხილვას ასრულებს და მანქანიდან გადმოდის, დაჰყურებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს. ის ჩაფიქრდება და გადაწყვეტს, რომ მამას დაეთანხმოს: თუკი ის დოგვილელებს მათივე სტანდარტებით მოეპყრობოდა, მაშინ იქაურები ყველაზე საზიზღარი სასჯელით უნდა დაესაჯა, რაც კი შესაძლებელია და ამის არგაკეთება არაჰუმანური იქნებოდა. გრეისი თანხმდება, რომ მოერგოს მამის ქალიშვილის როლს და დაუყოვნებლივ ითხოვს, რომ მთელი ქალაქი გაანადგურონ. ის ბრძანებას გასცემს, რომ ვერას თვალწინ დაუხოცონ მისი შვილები და უთხრან, რომ ხოცვა შეწყდება თუკი ის ცრემლებს შეიკავებს. ქალაქი დამწვარია, ყველა დოგვილელი სასტიკად მოკლული. ცოცხალი მხოლოდ ტომია, მას გრეისი თავად, მამის რევოლვერით კლავს. როდესაც დოგვილი მის გარშემო იწვის, გრეისი ხედავს ერთადერთ დოგვილელს - ძაღლ მოსეს. ბედის ირონიით ერთადერთი რომელსაც მის მიმართ სიბოროტე და უსამართლობა არ ჩაუდენია, სწორედ ქალაქის ძაღლია, რომელიც მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ქალაქი თავის ნამდვილი ბუნების გამომჟღავნებას იწყებდა. როლებში
საცდელი ვერსია„დოგვილი: საცდელი” (Dogville: The Pilot) გადაიღეს 2001 წელს. ეს იყო ნამდვილი ფილმის საცდელი ვერსია, იმის გასარკვევად, რამდენად გაამართლებდა ფილმის გეგმა. თხუთმეტწუთიან საცდელ ფილმში მონაწილეობდნენ დანიელი მსახიობები: სიდსე ბაბეტ კნადსენი (გრეისის როლში) და ნიკოლაი ლი კოსი (ტომის როლში). ლარს ფონ ტრიერი კმაყოფილი იყო მიღებული შედეგით. ამის შემდეგ მან და პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, მხატვრული ფილმის გადაღება დაეწყოთ. ეს ყველაფერი მოხვდა „დოგვილის” DVD-ის მეორე დისკზე, რომელიც 2003 წლის ნოემბერში გამოვიდა.[2] დადგმა„დოგვილის” ისტორია ჯონ ჰარტის მიერ ცხრა თავსა და პროლოგშია მოთხრობილი და მოქმედება სცენაზე, მინიმალისტური პეიზაჟების თანხლებით ვითარდება. სცენაზე დადგმულია ქალაქის ნაგებობათა ზოგიერთი კედელი და ასევე გარკვეული საგნები, თუმცა დანარჩენი დეკორაციები თეთრი და შავი ხაზების საშუალებით არსებობს. მაგალითად, ხურტკმლის ბუჩქების მონახაზს მიწერილი აქვს ტექსტი: „ხურტკმლის ბუჩქები” (Gooseberry Bushes). მიუხედავად იმისა, რომ დადგმის ეს ფორმა ნაცნობია შავი თეატრების ფანჯრებისთვის, ფილმებში მანამდე იშვიათად იყო ნაცადი (1954 წლის მუსიკალური ვესტერნი „წითელი წვივსაკრავები” და 1994 წლის ფილმი „ვანია 42-ე ქუჩაზე”). ცარიელი სცენური დადგმა იმისათვისაა, რომ აუდიტორიის ყურადღება მსახიობთა თამაშისა და ამბის გადმოცემისაკენ იყოს მიმართული და ასევე ეს ახსენებს, მათ ფილმის არაბუნებრივობის შესახებ. ფილმზე ძლიერი გავლენა იქონია ბერტოლტ ბრეხტის თეატრმა. (არის მსგავსება სიმღერა „Seeräuberjenny”-სა (რომელიც ბრეხტისა და კურტ უეილის „Die Dreigroschenoper”-შია გამოყენებული) და დოგვილის ამბავს შორის.[3] ჩიკო ბუარკეს ამ სიმღერის ვერსია - "Geni e o Zepelim" ეხება დაჩაგვრის უფრო ეროტიკულ ასპექტებს და ძალიან ჰგავს ლარს ფონ ტრიერის კინემატოგრაფიულ ვერსიას). ფილმში გამოიყენება ზედმიწევნით ფრთხილი განათება, რათა იყოს ბუნებრივი ეფექტები, მაგალითად ღრუბლების მოძრავი ჩრდილები. არარსებული დეკორაციების არსებობის განცდისთვის გამოიყენება ხმის ეფექტები (მაგალითად, არ არის კარები, მაგრამ კარის გაღებისა და დახურვის ხმა ყოველთვის ისმის). ფილმი გადაიღეს მაღალი გარჩევადობის ფორმატით და გამოყენებულ იქნა Sony HDW-F900 კამერები. გამოხმაურება"Ebert and Roeper"-მა ფილმი გააკრიტიკა, როგორც მკაცრად ანტი-ამერიკული გზავნილების მატარებელი. მაგალითად აღინიშნა, ფილმის ტიტრები, რომელიც ღარიბი ამერიკელების სურათებითა (ჯეიკობ ჰოლდტის 1984 წლის წიგნი „ამერიკული სურათებიდან”) და დევიდ ბოუის სიმღერით - "Young Americans"-ით არის გაფორმებული.[4] 2009 წელს, ამერიკელმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ თავის რჩეულ 20 ტოპ-ფილმს შორის „დოგვილიც” დაასახელა.
თავად რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის თანახმად, ფილმის ამომავალი აზრი არის ის, რომ „ბოროტება შესაძლოა ყველგან აღმოცენდეს, სანამ სიტუაცია მწყობრშია”.[6] შეფასებაკრიტიკაფილმმა ფართო მასებში აღიარება მოიპოვა და ამჟამად აქვს 71%-იანი რეიტინგი, ფილმების შეფასებათა დამჯამებელ საიტზე rottentomatoes.[7] რეკლამააშშ-ის ბაზარზე ფილმმა 1,535,286 $ მოაგროვა, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში კი - 15,145,550 $, საერთო ჯამში მთლიანმა შემოსავალმა 16,680,836 $-ს მიაღწია. ამერიკის გახსნით უიქენდზე ფილმმა მხოლოდ 88,855 $ მოაგროვა, ფილმი მხოლოდ 9 კინოთეატრში გავიდა, თოთოეული კინოთეატრიდან დაახლოებით 9,872 $ შემოსავალი შემოვიდა.[8] დანიაში კი ფილმმა 1,231,984 $-ის შემოსავალი ნახა.[9] ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა იტალია იყო, 3,272,119 $-ით.[9] ჯილდოები
ტოპ ათეულში
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურაგეორგ ტაიფენბახი: Drama und Regie (Writing and Directing): Lars von Trier's Breaking the Waves, Dancer in the Dark, Dogville. Würzburg: Königshausen & Neumann 2010. ISBN 978-3-8260-4096-2. სქოლიო
|