ზარზმა
ზარზმა — სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზარზმის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზარზმა, უტყისუბანი).[1] მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან — 38 კმ-ით. ისტორიაზარზმა მდებარეობს ისტორიული სამცხის ქვაბლიანის თემში. პირველად იხსენიება ბასილი ზარზმელის თხზულება „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში”, რომლის მიხედვითაც მინიშნებამ და სასწაულებმა აიძულეს ბერები მონასტრის ასაშენებლად შეერჩიათ ერთი უდაბური, ტყიანი ადგილი. აქ აურჩევიათ შესაფერისი ბორცვი ეკლესიისათვის და მის აღმოსავლეთით — მშვენიერი წყარო. „ცხოვრების” ავტორის სიტყვით, მომხდარი სასწაულების შემსწრე ხალხს შიშის ზარი დაუფლებია, რის გამოც ამ ადგილისთვის ზარზმა დაურქმევიათ. ზარზმის მონასტრის დაარსების შემდეგ თანდათან მოშენებულა სოფელიც, რომლის სიახლოვეს აუგიათ ციხე-კოშკი. სოფელში ახლაცაა ზარზმელის „ცხორებაში” მოხსენიებული წყარო („თამარის წყარო“), რომელსაც შუა საუკუნეებში ამოუშენეს კედლები, გადახურეს და შეამკეს რელიეფური გამოსახულებებით. მზეჭაბუკ ათაბაგმა 1500–1515 წლებში ზარზმის მონასტერი, მისი კუთვნილი სოფლებითა და აგარაკებით, აწყურის ტაძარს შესწირა. ოსმალეთის მიერ სამცხის დაპყრობის შემდეგ, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით, ზარზმა შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში. მაშინ იქ სოფელი უკვე აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეკლესიის მსახური ათი კომლია აღწერილი (აზარ მოსიასძე, მღვდელი საბია გუბელისძე, ივანე კაპანასძე, ტეტია მახარებლისძე, მღვდელი სიმონ ფირალასძე, სიმონ პაპასძე, ისაკა გიორგისძე და სხვ.). მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ცერცვი, ფეტვი, მუხუდო, სელის თესლი (ზეთისთვის) და ბოსტნეული; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი და იხდიდნენ გადასახადს 8 000 ახჩის ოდენობით. 1829 წელს ზარზმა სამცხესთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. 1944 წელს ზარზმის მაჰმადიანი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს, მოგვიანებით კი სოფელში რაჭველები და აჭარლები ჩაასახლეს. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ადიგენის მეცხოველეობისა და მემცენარეობის მეურნეობა, შედიოდა მლაშეს სოფსაბჭოში. დემოგრაფია2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 ადამიანი.
ლიტერატურა
სქოლიო
|