კალიარი
კალიარი (იტალ. Cagliari; სარდ. Casteddu) — ქალაქი იტალიაში, კუნძულ სარდინიის დედაქალაქი. მისი სარდინიული სახელწოდება კასტედუ ციხესიმაგრეს ნიშნავს. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 156 000 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიური არეალის — 480 000 -ს. ხანგრძლივი ისტორიის მქონე უძველესმა ქალაქმა მრავალი ცივილიზაციის მმართველობის ქვეშ გამოიარა. ის იყო სარდინიის სამეფოს დედაქალაქი (რომელიც 1861 წელს იტალიის სამეფო გახდა) 1324 — 1720 და 1798 — 1815 წლებში. ქალაქში მდებარეობს კალიარის უნივერსიტეტი და სარდინიის რომანულ-კათლიკური არქისაეპისკოპოსო,[1] შესაბამისად ის რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და ხელოვნების ცენტრია, ცნობილია არტ-ნუვოს არქიტექტურითა და მრავალი მონუმენტით.[2] ამავე დროს, ის სარდინიის ეკონომიკური და ინდუსტრიული კვანძია, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური მთელს ხმელთაშუა ზღვაზე, საერთაშორისო აეროპორტი და შემოსავლების ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი იტალიაში, რითაც ის ჩრდილოეთის ისეთ ქალაქებს უტოლდება, როგორებიცაა ტურინი, ვიჩენცა და გენუა.[3] კალიარი მდებარეობს სარდინიის მერიდიანულ ზონაში. მის სამხრეთით იშლება კალიარის ყურე, აღმოსავლეთით — შვიდი ძმის მთები (monti dei Sette Fratelli), დასავლეთით — კაპოტერის მთები, ჩრდილოეთით კი კამპიდანოს ვაკე. იგი იტალიის მასშტაბით მე-8 და სამხრეთ იტალიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია. კალიარის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია, ძალიან ცხელი ზაფხულით. ივლისის ტემპერატურა ხშირად 40 °C-ს უტოლდება. წვიმიანი სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მარტამდე. ზამთრის საშუალო ტემპერატურა 10 °C-ია.
იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|