ლუი ფილიპ II
ლუი ფილიპ ჟოზეფ ორლეანელი (ფრანგ. Louis Philippe Joseph d'Orléans), მეტსახელად ფილიპ თანასწორი (ფრანგ. Philippe Égalité; დ. 13 აპრილი, 1747 — გ. 6 ნოემბერი, 1793) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგი 1785-1793 წლებში. ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ისა და ლუიზ ანრიეტა დე ბურბონის ვაჟი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის მამა. დიდი ტერორის პერიოდში სხვა დიდებულების მსგავსად ისიც სიკვდილით დასაჯეს. ბიოგრაფიალუი ფილიპი დაიბადა 1747 წლის 13 აპრილს. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ისა და მისი მეუღლის, ლუიზ ანრიეტა დე ბურბონის უფროსი ვაჟი. მისი ორივე მშობელი ბურბონთა დინასტიის ორი განშტოების: ორლენელებისა და კონტელების წარმომადგენლები იყვნენ. სწორედ ამიტომ, იგი სამეფო ოჯახის წევრად ითვლებოდა და სამეფო კარზე ცხოვრობდა. დაბადებიდანვე იგი შარტრის ჰერცოგის წოდებას ატარებდა. 1785 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ორლეანის ჰერცოგიც გახდა. 1771 წლიდან იგი ფრანგი მასონების მეთაური გახდა. აღსანიშნავია, რომ ლუი ფილიპი ყოველთვის ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩეოდა. ამის გამო, საფრანგეთის რევოლუციის დროს იგი რევოლუციონერების მხარეს გადავიდა, უარი თქვა თავის ტიტულებზე და „მოქალაქე“ გახდა, რის შემდეგაც მიიღო მეტსახელი „თანასწორი“. გასამართლებისას მან ხმა მისცა თავისი ბიძაშვილის, საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯას. მიუხედავად დიდი მცდელობისა, თავად ლუი ფილიპიც ვერ გადაურჩა რევოლუციას, რომელმაც შეიწირა მეფის, დედოფლის, სამეფო ოჯახისა და უამრავი დიდებულის სიცოცხლე. მისი ცოლი და ვაჟი აშკარად ანტირევოლუციურ იდეოლოგიას ატარებდნენ, რის გამოც მისმა ვაჟმა ლუი ფილიპმა რევოლუციონერებს შეთქმულება მოუწყო, თავად კი დედასთან ერთად გაიქცა ესპანეთში. ამის გამო რევოლუციონერებმა ფილიპ თანასწორი დააპატიმრეს, გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1793 წლის 6 ნოემბერს ლუი ფილიპ II ორლეანელს პარიზში, გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი, 46 წლის ასაკში. როიალისტები, რომელთაც იგი სძულდა ასეთი რამ განაცხადეს: „ის ძაღლივით ცხოვრობდა, მაგრამ გარდაიცვალა როგორც ანრი IV-ის შთამომავალი.“ ცოლი და შვილები1768 წლის 8 მაისს ლუი ფილიპმა ცოლად შეირთო მარი ადელაიდა დე ბურბონი, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონის ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილი იყო. მასზე ქორწინებით ბურბონ-პენტიევრების მთელი ქონება ორლეანელების ხელში გადავიდა, თუმცა თავად ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რადგან წყვილი ერთმანეთს საერთოდ ვერ უგებდა. მიუხედავად ამისა, მათ ექვსი შვილი შეეძინათ:
ლიტერატურა
|