მიხა ცხაკაია
მიხეილ (მიხა) ცხაკაია (დ. 4 მაისი, 1865, ხუნწი, სენაკის მაზრა — გ. 19 მარტი, 1950, მოსკოვი, რუსეთის სფსრ) — ქართველი საბჭოთა რევოლუციონერი და პოლიტიკური მოღვაწე. ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886-1897 წლებში რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ლესიჭინეში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 1892 წელს იყო მესამე დასის ერთ-ერთი დამაარსებელი. რევოლუციური საქმიანობისთვის 3 წლით გადაასახლეს ეკატრინოსლავის გუბერნიაში. 1898-1900 წლებში ეკატრინოსლავში აქტიურად მონაწილეობდა რსდმპ-ის ადგილობრივი კომიტეტის შექმნასა და საქმიანობაში. 1900-1902 წლებში იყო დაპატიმრებული. 1903-1905 წლებში იყო რსდმპ კავკასიის კომიტეტის წევრი. მუშაობდა თბილისში, ბაქოში, ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში, ხელმძღვანელობდა იმერეთ-სამეგრელოს ს.დ. კომიტეტს. იყო რსდმპ III ყრილობის დელეგატი 1905 წელს, სადაც გამოვიდა სიტყვით საქართველოში გლეხთა მოძრაობის შესახებ. პარტიაში განხეთქილების შემდეგ მიემხრო ბოლშევიკებს. 1905 წლის ოქტომბერში მონაწილეობდა პეტერბურგში მუშათა დეპუტატების საბჭოების მუშაობაში, ნოემბერში კი იყო ბაქოს საბჭოს ერთ-ერთი მონაწილე. 1906-1907 წლებში მონაწილეობდა თბილისის პროფკავშირების ცენტრის მუშაობაში. 1907 წელს იყო რსდმპ V ყრილობის დელეგატი სათათბირო ხმის უფლებით და II ინტერნაციონალის VII კონგრესის დელეგატი. 1907-1917 წლებში იყო ემიგრაციაში ჟენევაში. 1917 წლის აპრილში ლენინთან ერთად დაბრუნდა რუსეთში, მონაწილეობდა რსმდპ VII კონფერენციაში, ფილიპე მახარაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა გაზეთ „ბრძოლას“. 1917 წლის მაისიდან იყო ბოლშევიკების ერთ-ერთი ხელმძღვანელი კავკასიაში. 1919 წლის ივნისში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა. 1920 წლიდან შევიდა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს წარმომადგენელი რსფსრ-ში. 1923-1930 წლებში იყო ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის პრეზიდიუმის ერთ-ერთი თავმჯდომარე, 1923-1924 და 1929-1930 წლებში იყო საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. დაკრძალულია თბილისში. მის პატივსაცემად სახელი ცხაკაია ჰქონდა მინიჭებული 1935-1989 წლებში ქალაქ სენაკს და სენაკის მუნიციპალიტეტს. ლიტერატურა
სქოლიო
|