რამაზ ხუროძე
რამაზ ხუროძე (დ. 9 ნოემბერი, 1944, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბიოგრაფია1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1972-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და აკადემიის პრეზიდიუმის გამოთვლითი ტექნიკის კომიისის სწავლული მდივანი. საქართველოს რესპუბლიკისა და თბილისის მეცნიერებათა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელი ორგანოების თანამშრომელი, 1982-1989 წლებში — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, 1986-1987 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგე, 1987-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ, 1988-1991 წლებში იყო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე, 1991-1993 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი კადრებისა და კომერციული საქმიანობის დარგში. იმავე წელს არჩეულ იქნა ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტად. 1993-2006 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. სტუ-ს სრული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სასწავლო სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1975 წელს გამოთვლითი ტექნიკის დარგში. იგი კანონიერად ითვლება საქართველოში მართვის სისტემების ანალოგურ მოწყობილობათა საიმედოობის მეცნიერული მიმართულების ერთ-ერთ ფუძემდებლად. ამ კუთხით მას გამოქვეყნებული აქვს 88-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, 15 მონოგრაფია, 13 სახელმღვანელო და 3 გამოგონება. მისი შრომები გამოქვეყნებულია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ — რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და სხვა. იგი უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილი წევრია. 2003 წელს Sigma Xi, the scientific Research Society-ის წევრად აირჩიეს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ანალოგიური ინფორმაციის შეგროვებისა და გარდაქმნის მოწყობილობათა საიმედოობის კომპლექსური შეფასება და მისი ამაღლების მეთოდები“, დაიცვა 1997 წელს. ჯილდოები
ბიბლიოგრაფია
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
|