საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსაქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ადრე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო) — ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებად შექმნილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანო. საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. მისი ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია საქართველოს კანონით „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“. საბჭო უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას, მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებას, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ან სხვა პირები, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, საბჭოს მდივნის მანდატი ეძლევა. საბჭოს მდივანი, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ იმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უძღვება.[1] სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ინიციატივით, ან საბჭოს მუდმივი წევრის მოთხოვნით. საბჭოს სხდომა დახურულია, თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ის შეიძლება ღიად გამოცხადდეს. ისტორიასაქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი „ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო“ პირველად 1992 წლის 6 ნოემბერს მიღებულ კანონში „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ გაჩნდა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეობდა სახელმწიფოს მეთაური და საბჭოს ძირითადი ამოცანა ქვეყნის თავდაცვის, უშიშროებისა და წესრიგის უზრუნველყოფა იყო.[2] 1995-2018 წლებში მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ფუნქციებიც განსხვავებული იყო.[2] მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.[3] 2011 წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უშიშროების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.[4] 2013 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციები და მისი როლი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და უზრუნველყოფის სფეროში. აქედან გამომდინარე, 2014 წელს, უსაფრთხოების სექტორის კოორდინაციისთვის, შეიქმნა პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც 2017 წლის დეკემბრამდე ფუნქციონირებდა.[2] 2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნები
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|