ტანგანიიკა
ტანგანიიკა (ინგლ. Lake Tanganyika, ფრანგ. Lac Tanganyika, სუაჰ. ziwa Tanganyika) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე 40-80 კმ, ზედაპირის ფართობი — 34 ათასი კმ². მდებარეობს ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში. მაქსიმალური სიღრმე — 1470 მ (ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში). ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი — 224 ათასი კმ². ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი; მდინარე ლუკუგის საშუალებით ტანგანიიკა უკავშირდება მდინარე ლუალაბას. ტანგანიიკა წელიწადში საშუალოდ 64,8 კმ³ წყალს იღებს. წყლის დონე მაღალია აპრილსა და მაისში, დაბალი — ოქტომბერსა და ნოემბერში. ზოგჯერ იცის სეიშები. წყალი მტკნარია. მისი ტემპერატურა ზედაპირზე 23,6-23,8 °C-დან 26,5 °C-მდეა. 400 მეტრის ქვემოთ ტბის ფსკერამდე ტემპერატურა მუდმივია, დაახლოებით 23 °C. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხლისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ფაუნის დაახლოებით 75 % ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულია თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა აღმოაჩინეს 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
|