ჰან კანი
ჰან კანი (კორ. 한강; დ. 27 ნოემბერი, 1970, ქ. კვანჯუ, სამხრეთი კორეა) — კორეელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (2024). დაიბადა მწერლის ოჯახში. დაამთავრა იონსეს უნივერსიტეტის კორეული ენისა და ლიტერატურის განყოფილება (სეული, 1993). მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1993 წელს, პირველი მოთხრობა „მეწამული ღუზა“ — 1994 წელს, მოთხრობების პირველი კრებული „სიყვარული იონსეში“ — 1995 წელს. გამოქვეყნებული აქვს რომანები [„შავი ირემი“, 1998; „შენი ცივი ხელები“, 2002; „ვეგეტარიანელი“, 2007; „ქარი ქრის, წადი...“, 2010; „ბერძნულის გაკვეთილები“, 2011; „ბიჭი მოდის“ (ინგლისურ თარგმანში: „ადამიანთა ქმედებები“), 2014; „თეთრი“, 2016; „არ ვემშვიდობები“, 2021], მოთხრობებისა და ესების კრებულები. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა რომანმა „ვეგეტარიანელი“ (2007; ბუკერის საერთაშორისო პრემია, 2016), რომელშიც მოთხრობილია მენტალური პრობლემების მქონე კორეელი ქალის და ოჯახთან და საზოგადოებასთან მისი ურთიერთობის ამბავი. 2024 წელს ჰან კანი გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი სამხრეთკორეელი ლაურეატი „ღრმად ემოციური პოეტური პროზისთვის, რომელიც გვაჯახებს ისტორიულ ტრავმებს და აშიშვლებს ადამიანის ცხოვრების წარმავალობას“. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|