ედმუნდი (ლანკასტერის ერლი)
ედმუნდ ზურგმოხრილი (ინგლ. Edmund Crouchback; დ. 16 იანვარი, 1245 — გ. 5 ივნისი, 1296) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და დედოფალ ელეანორ პროვანსელის ვაჟი. ლანკასტერისა და ლეიცესტერის პირველი ერლი. აქტიურად იყო ჩაბმული ჯვაროსნულ ლაშქრობებში. ბიოგრაფიაედმუნდი დაიბადა 1245 წლის 16 იანვარს ლონდონში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეანორ პროვანსელის უმცროსი ვაჟი. 1253 წელს, რომის პაპმა ინოკენტი IV-მ გამოთქვა ინიციატივა, რომ ედმუნდი სიცილიის მეფედ და პუატუს გრაფად დაესვათ, თუმცა საბოლოოდ მისი მცირეწლოვანების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამის სანაცვლოდ მას ჩესტერის ერლის ტიტული მიენიჭა. მას ეს წოდება მალევე ჩამოერთვა, რადგანაც სიცილიისა და გერმანიის მეფე კონრად IV გარდაიცვალა, რის გამოც თავიდან დაიწყო ტახტისათვის ბრძოლა, ეს წოდება კი მის უფროს ძმას, ედუარდს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერასდროს მოახერხა სიცილიაში გამეფება, 1265 წელს ბიძის, სიმონ დე მონფორის დაღუპვის შემდეგ მან მემკვიდრეობით მიიღო ლეიცესტერისა და ლანკასტერის ერლობა. 1267 წლიდან მან დიდი ადგილ-მამულები მიიღო უელსში, რასაც იქაურ დიდებულებთან დაპირისპირება მოჰყვა. 1271 წელს იგი თავის უფროს ძმასთან, ედუარდთან ერთად პალესტინაში იმყოფებოდა და მონაწილეობდა მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ მიიღო მან თავისი მეტსახელი „ზურგმოხრილი“. წმინდა მიწიდან დაბრუნების შემდეგ ედმუნდის რეზიდენციად გროსმონტის სასახლე იქცა, სადაც დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა. სწორედ ამ ადგილას, 1281 წელს დაიბადა მისი ვაჟი ჰენრი, რომლის შვილთაშვილიც იყო ინგლისის მომავალი მეფე ჰენრი IV. რამდენიმე წელიწადში ედმუნდი პლანტაგენეტების სამეფო არმიის მთავარსარდლად დაინიშნა და თავისი დომენის გასაზრდელად ალყა შემოარტყა ქალაქ ბორდოს, თუმცა დამარცხდა. იგივე განმეორდა გიენის სხვა ქალაქებშიც. საბოლოოდ მან თავი ქალაქ ბაიონს შეაფარა საფრანგეთის სამხრეთში, ესპანეთის საზღვართან ახლოს. იგი სწორედ აქ, 1296 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა 51 წლის ასაკში. მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს ინგლისში, უესტმინსტერის სააბატოში. ქორწინება და შვილები1269 წლის 8 აპრილს ედმუნდი პირველად დაქორწინდა ალბემარლის ერლ უილიამ დე ფორსისა და დევონის გრაფინია იზაბელა დე ფორტიბუსის ქალიშვილ ეველინ დე ფორსზე. ქორწინებიდან ოთხ წელიწადში, 15 წლის ასაკში ეველინი გარდაიცვალა. მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზად გართულებულ მშობიარობას, ან ფეხმძიმობის შეწყვეტის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებს ასახელებენ. 1276 წლის 3 თებერვალს იგი მეორედ დაქორწინდა ნავარის მეფე ანრი I-ის ქვრივ ბლანშ არტუელზე, რომელიც იყო არტუას გრაფ რობერ I-ისა და მატილდა ბრაბანტელის ქალიშვილი. ამ ქორწინებით ედმუნდის გერი გახდა საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი ჟანა I. მასა და ბლანშს სულ ოთხი საერთო შვილი ჰყავდათ:
ლიტერატურა
|