ვიქტორ კუპრაძე
ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე (დ. 2 ნოემბერი, 1903, ყელა — გ. 25 აპრილი, 1985, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). ბიოგრაფიადაიბადა 1903 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ყელაში, რკინიგზელის ოჯახში. 1922 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვიქტორ კუპრაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1927 წელს ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლის ანდრია რაზმაძისა და ნიკო მუსხელიშვილის წარდგინებით იგი დატოვეს უნივერსიტეტში სამუშაოდ ასისტენტის თანამდებობაზე. 1929 წელს ვიქტორ კუპრაძემ გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი. 1930 წელს ვიქტორ კუპრაძე ჩაირიცხა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც 1931 წელს წარმატებით დაამთავრა. 1933-1935 წლებში ვ. კუპრაძე მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში სწავლული მდივნისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1935 წელს მან იქვე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1936 წელს ვიქტორ კუპრაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1936-1941 წლებში იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1944-1953 წწ. ვიქტორ კუპრაძე იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1958 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1955 წლის 4 აპრილიდან[5] — 1963 წლის 26 აპრილამდე ვიქტორ კუპრაძე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1963 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლად ჩამოყალიბებული მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკდემიკოს-მდივნად აირჩიეს, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ამავე დროს განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრას. სამეცნიერო მოღვაწეობავიქტორ კუპრაძემ დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკური მეცნიერების მთელი რიგი დარგების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაში. იგი ავტორია მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევისა მათემატიკურ ფიზიკასა და მექანიკაში, რომლებიც თავმოყრილია მის მრავალრიცხოვან მონოგრაფიებში. კუპრაძის ნაშრომებში გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის, სტაციონარული რხევების, სტატიკისა და დინამიკური ძირითადი და საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანები. კუპრაძემ გადაწყვიტა ამ ამოცანათა კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის საკითხები. შექმნა ამოხსნების მიახლოებითი აგების მეთოდები და ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე მათი რიცხვითი რეალიზაციის ალგორითმები. კუპრაძის ნაშრომებში გამოკვლეულია აგრეთვე დრეკადი, სეისმური, ელექტრომაგნიტური და სხვა ტალღების გავრცელებისა და დიფრაქციის საკითხები, შესწავლილია სინგულარულ-ინტეგრალურ და ფუნქციონალურ განტოლებათა თეორიის საკითხები. ვიქტორ კუპრაძე 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორისაა ფუნდამენტური მონოგრაფიები. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე. ჯილდოები1971 წელს აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. იგი დაჯილდოებული იყო ასევე 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და სხვ. თხზულებები
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|