კაკაბეთი
კაკაბეთი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, საგარეჯოდან 23 კილომეტრი. ისტორიაკაკაბეთი XVII და XVIII საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება. სოფელი თავდაპირველად ჩერქეზიშვილთა სამკვიდრო ყოფილა. 1675 წლიდან კი, ალავერდელ ეპისკოპოსს გადაეცა. როცა მეფე ერეკლე I-მა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიას ბოქაულთუხუცესი გოჯასპი ზაალიშვილი შესწირა მისი ყმითა და მამულით, მათ შორის იყო კაკაბეთის მამულებიც. 1693 წელს კახეთის ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარბეგმა — აბასყული-ხანმა სოფელი უბოძა თუშთა მოურავს მამუკა ჩოლოყაშვილს, სახლთუხუცესს დურმიშხანსა და მათ შვილებს. კაკაბეთი იყოფა უბნებად. მათი სახელწოდება მომდინარეობს სოფელში მცხოვრები ძირითადი გვარებისგან, გარდა უკიდურეს აღმოსავლეთ განაპირა უბნის ვერხვიანისა (ამჟამად სოფელია). 1800 წლის 7 ნოემბერს, სოფლის მახლობლად, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნიახურის ველზე, გაიმართა დიდი ბრძოლა ომარ-ხან ავარიელის 20 ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ. საისტორიო ლიტერატურაში ეს ბრძოლა იხსენიება როგორც კაკაბეთის, ისე ნიახურის ბრძოლის სახელით. რუსეთისგან ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოშორებას, ირანთან ერთად, ავარიის მფლობელი ომარ-ხანიც ცდილობდა. გეგმის მიხედვით, დაღესტნელებსა და ყიზილბაშებს თბილისისთვის ორი მხრიდან უნდა შეეტიათ, მაგრამ, ირანში შინააშლილობისა და მაშინდელი გამგებლის ბაბა-ხანის პოლიტიკური მოსაზრების შეცვლის გამო, ირანელებმა გადაიფიქრეს და დასახული მიზნის შესრულება ომარ-ხანის ლაშქარს დაეკისრა. დაღესტნელთა მოსალოდნელი შემოსევის მოსაგერიებლად, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილების მეთაურობით, შეიქმნა ქიზიყელ მოხალისეთა რაზმი. მათ რუსთა 2 ბატალიონიც დაეხმარა. ბრძოლა ომარ-ხანის ლაშქრის სრული განადგურებით დამთავრდა. თვით ომარ-ხანმა ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ქვეყანა აოხრებას გადაურჩა. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს კაკაბელებმა სოფელში განლაგებული რუსთა საეგზეკუციო რაზმი გაანადგურეს. დემოგრაფია2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2771 ადამიანი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო
|