მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი
მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი (ფრანგ. Marie Casimire Louise d'Arquien, პოლ. Maria Kazimiera Luiza d'Arquien; დ. 28 ივნისი, 1641 — გ. 30 იანვარი, 1716) — ფრანგი დიდგვაროვანი. პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი 1676-96 წლებში როგორც იან III სობესკის მეუღლე. ბიოგრაფიამარია კაზიმირა ლუიზა დაიბადა 1641 წლის 28 ივნისს ნიევრში. იგი იყო გამოჩენილი ფრანგი დიდგვაროვნის, ანრი დ’არკიენისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ დე ლა შატრის ასული. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლების მრავალი შვილიდან მხოლოდ ის და მისი და გადარჩნენ. ოთხი წლის ასაკში იგი პოლონეთის დედოფალ მარია ლუიზა გონძაგას ფრეილინა ხდება, რომელიც 1645 წელს ცოლად მეფე ვლადისლავ IV-ს გაჰყვა და მისი დაღუპვის შემდეგ მალევე იქორწინა მის ძმაზე, მეფე იან II-ზე. სამეფო კარზე მან უამრავი დიდგვაროვანი გაიცნო, მათ შორის მომავალი მეფე იან სობესკი, თუმცა 1658 წელს იგი ცოლად იან ზამოსკის გაჰყვა, ასევე საკმაოდ გამოჩენილ და მდიდარ პოლონელ დიდგვაროვანს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა, თუმცა ყველა მათგანი ჩვილობაში დაიღუპა. თავად ზამოსკი 1665 წელს გარდაიცვალა, მარია კაზიმირა კი მაშინვე დაქორწინდა იან სობესკიზე. წყვილს სულ ცამეტი შვილი გაუჩნდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხმა მიაღწია ზრდასრულობამდე. 1672 წელს იან სობესკი პოლონეთის მეფედ აირჩიეს. როგორც დედოფალი, მარია კაზიმირა ხალხში ძალიან მალე გახდა არაპოპულარული, როგორც საფრანგეთ-პოლონეთის ალიანსის დამაკავშირებელი ჯაჭვი. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ პოლონელები ვერ იტანდნენ საფრანგეთის იმჟამინდელ მეფე ლუი XIV-ს და მაშასადამე ვერც მის თანამემამულე ფრანგებს, ფრანგი დედოფალი მათ ტახტზე კი ცხადია უკმაყოფილებას იწვევდა. სამეფო წყვილი ცნობილი გახდა თავიანთი სასიყვარულო წერილებით, რომელთაც ისინი 1665-1683 წლებში წერდნენ. ყოველივე ეს მაშინ ხდებოდა, როცა იანი სალაშქროდ ან დიპლომატიურ მისიებში იყო. ცხადია ადრესატამდე წერილს რამდენიმე ადამიანი კითხულობდა, რომელთაგანაც გავრცელდა მათი შინაარსი მთელ ევროპაში. ცნობილია, რომ მეფე დედოფალს მოფერებით „მარისიენკას“ ეძახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მარია კაზიმირა ძალიან მძიმე ხასიათის, ამპარტავანი, თვითმმართველობაზე ორიენტირებული ქალი იყო. ასევე ცნობილია, რომ ამის გამო მას თავისი შვილებიც კი ვერ იტანდნენ და როდესაც 1696 წელს იანი გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა მარია კაზიმირა რომში გადაასახლა. იტალიაში იგი დიდი პატივითა და პრესტიჟით სარგებლობდა, სადაც გაიცნო ასევე გადასახლებაში მყოფი შვედეთის დედოფალი კრისტინა, რომელიც მისგან განსხვავებით სათნო, თუმცა არც ისე კეთილშობილი და ინტელიგენტი იყო. მიუხედავად ამისა, ორმა დევნილმა დედოფალმა ერთმანეთს მალე გაუგო და მათ რომში დააარსეს არკადიის ხელოვნების სასწავლებელი. აღსანიშნავია, რომ მარია კაზიმირას თურქების კათოლიკობაზე მოქცევის უდიდესი ამბიცია ჰქონდა, რის გამოც მისი დაფინანსებით ასობით მისიონერული ექსპედიცია მოეწყო ოსმალეთში, თუმცა წარუმატებლად. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და ლუთერანი კრისტინა შვედი კათოლიკობაზე მოაქცია, რისთვისაც რომის პაპმა იგი დიდად დააჯილდოვა. ყოველივე ამ რელიგიური სულისკვეთებისთვის, მას ეკლესია გვერდში ედგა და აფინანსებდა. იგი ასევე დიდად წყალობდა და მფარველობდა ხელოვნებას, განსაკუთრებით კი მუსიკას. იტალიაში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ მარია კაზიმირამ მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც იგი ჩავიდა კიდეც და ბლუას სასახლეში დასახლდა. საფრანგეთში ჩასვლიდან წელიწადნახევარში, 1716 წელს იგი გარდაიცვალა. იგი ბლუას საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, 1717 წელს კი პოლონეთში გადაასვენეს და მისი ქმრის გვერდით, კაპუცინების ეკლესიაში დაკრძალეს. 1733 წელს იანიც და მარია კაზიმირაც კრაკოვში გადაასვენეს. შვილებიმარია კაზიმირას თავის პირველ ქმარ იან ზამოსკთან ოთხი შვილი ჰყავდა:
მარია კაზიმირას თავის მეორე ქმარ იან III სობესკთან ჰყავდა ცამეტი შვილი:
ლიტერატურა
|