ოლღა ნიკოლოზის ასული
ოლღა ნიკოლოზის ასული (რუს. Ольга Николаевна, გერმ. Olga Nikolajewna; დ. 11 სექტემბერი, 1822, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 30 სექტემბერი, 1892, ფრიდრიხსჰაფენი, ვიურტემბერგის სამეფო, გერმანიის იმპერია) — რომანოვებიის დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და იმპერატრიცა შარლოტ პრუსიელის უფროსი ქალიშვილი. იმპერატორ ალექსანდრე II-ის და. ვიურტემბერგის დედოფალი 1864-1891 წლებში როგორც კარლ I-ის მეუღლე. ბიოგრაფიაოლღა დაიბადა 1822 წლის 11 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას (ქალიშვილობაში შარლოტ პრუსიელი) შუათანა ქალიშვილი. მისი დაბადებისას იმპერატორი ჯერ კიდევ ბიძამისი ალექსანდრე I იყო, რომლის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგაც დაიკავა ტახტი ოლღას მამამ. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია რუსეთის იმპერატორი პავლე I და მისი მეორე ცოლი, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა (ქალიშვილობაში სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი) იყვნენ. რაც შეეხება დედამისს, იგი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი იყო. ოლღა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა კულტურისა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, რის გამოც მშობლებმა იგი იტალიაში გააგზავნეს განათლების მისაღებად. იგი 1846 წელს პალერმოში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, პრინც კარლ ვიურტემბერგელს. წყვილს მალევე შეუყავრა ერთმანეთი, საერთო ინტერესების გათვალისწინებით. კარგი ის იყო, რომ მათ მშობლებსაც აწყობდათ ეს დინასტიურ-პოლიტიკური ქორწინება, რის გამოც კარლის მშობლები, ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I და დედოფალ პაულინ ვიურტემბერგელი მათი შეუღლების იდეას სიხარულით შეხვდნენ, თუმცა რუსეთის საიმპერატორო კარიდან გარკვეული წინააღმდეგობები წამოვიდა. იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა განაცხადა, რომ თავის ქალიშვილს მხოლოდ იმ პირობით მიათხოვებდა კარლს, თუკი გერმანელები ოლღას რელიგიის შეცვლას არ მოსთხოვდნენ. ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ, 1846 წლის 13 ივლისს, პეტერჰოფის სასახლეში, პეტერბურგში შედგა მათი ქორწინება, რის შემდეგაც ოლღა გერმანიაში გადასახლდა, თუმცა ბოლომდე მართლმადიდებლად დარჩა. როგორც შემდგომში გაირკვა, კარლს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები ჰქონდა, რის გამოც ოლღასთან თითქმის არასოდეს იყოფდა სარეცელს, ამიტომაც მათ შვილები არასოდეს ჰყოლიათ. 1864 წლის 25 ივნისს, ვილჰელმ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი კარლ I-მა დაიკავა, რითაც ოლღა ვიურტემბერგის დედოფალი გახდა. როგორც დედოფალი, იგი მეტად აქტიური იყო. ოლღა ზრუნავდა გოგონების განათლებასა და ვეტერანებზე. მან შტუტგარტში დააარსა ბავშვთა საავადმყოფო, რომელსაც მოგივანებით, 1849 წელს „ოლღაჰოსპიტალი“ უწოდეს. იგი ზრუნავდა პროტესტანტ მონაზვნებზეც. ოლღა ნიკოლაევნა დიდად იყო დაინტერესებული აგრო-კულტურითა და ვიურტემბერგში არსებული მინერალური წყლებით. აღსანიშნავია ისიც, რომ უშვილო ოლღამ მოგვიანებით თავისი ძმისწული, ვერა კონსტანტინოვნა იშვილა და აღზარდა. 1871 წელს ვიურტემბერგის სამეფო გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რითაც კარლ I-ის მმართველი გახდა იმპერატორი ვილჰელმ I, რომელმაც გერმანელ თავად-აზნაურებს ძველებური წოდებები და ძალაუფლება შეუნარჩუნა. 1891 წლის 6 ოქტომბერს ოლღა დაქვრივდა, რის გამოც ტახტი მისი ქმრის ბიძაშვილმა დაიკავა. ამ ამბიდან ერთ წელიწადში, 1892 წლის 30 ოქტომბერს ოლღა ნიკოლოზის ასული 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრიდრიხსჰაფენში. წინაპრებილიტერატურა
|