ექტორ იასალდე
ექტორ კასიმირო იასალდე (ესპ. Héctor Casimiro Yazalde; დ. 29 მაისი, 1946, ვილა ფიორიტო, ბუენოს-აირესი, არგენტინა — გ. 18 ივნისი, 1997, ბუენოს აირესი) — არგენტინელი ფეხბურთელი, მეტსახელად ჩიროლა. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. მისი საკლუბო კარიერის განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი უკავშირდება აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ და განსაკუთრებით კი ლისაბონის „სპორტინგს“, რომლის შემადგენლობაში თამაშის დროს 46 გოლით ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. იგი იყო პირველი არგენტინელი და ასევე პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. ამასთან, იგი ასევე პირველი მოთამაშე იყო, რომელიც 1970 წელს არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფიფას მონაცემებით, იასალდე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი არგენტინელი ფეხბურთელია, რომელმაც ჯამურად უმაღლესი დივიზიონის 382 ოფიციალურ მატჩში 253 გოლი გაიტანა — არგენტინის, პორტუგალიისა და საფრანგეთის საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობისას. 1968 წლიდან იცავდა არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას.[1] 1974 წლის დასავლეთ გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2] მიიჩნევენ არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. საკლუბო კარიერაადრეული წლებიდაიბადა 1946 წლის 29 მაისს აველიანედას ღარიბ უბანში — ვილა ფიორიტოში, იმავე რაიონში, სადაც დიეგო მარადონა.[3] არასახარბიელო სოციალური მდგომარეობის გამო მუშაობის დაწყება 13 წლის ასაკიდან მოუწია. ყიდდა გაზეთებს, ბანანს, ხილს ან დამტვრეულ ყინულს, რათა გამომუშავებული გროშები (ამიტომაც შეარქვეს „ჩიროლა“) სახლში მიეტანა და მშობლებს მრავალშვილიანი ოჯახის გამოკვებაში დახმარებოდა.[3] ფეხბურთში შემთხვევითობის წყალობით მოხვდა. ერთხელ იგი თავის მეგობარს, ორასიო აგირეს ბუენოს-აირესში სტუმრობდა, რომელიც სამოყვარულო კლუბ „პირანიაში“ თამაშობდა. იასალდეს, მისივე თხოვნით, გუნდის ვარჯიშში მონაწილეობის უფლება დართეს, რამაც მწვრთნელის ყურადღება მიიქცია და ვარჯიშის შემდეგ, იმავე დღეს მას კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. მანამდე იგი „ლოს-ანდესის“ და „რასინგ კლუბის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა,[3] თუმცა ამ გუნდების მესვეურებმა მასში პერესპექტიული მოთამაშე ვერ დაინახეს და როგორც მოგვიანებით თავად იხსენებდა, მწვრთნელებს მისი საფეხბურთო მონაცემებისთვის რიგიანად ყურადღება არ მიუქცევიათ.[4] „ინდეპენდიენტე“1967 წლიდან არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ რიგებში დაიწყო თამაში და პირველივე წელს გუნდთან ერთად ნასიონალის ჩემპიონობა მოიპოვა. „ინდეპენდიენტემ“ ტურნირის ფარგლებში გამართული 15 შეხვედრიდან — 12 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. საერთო ჯამში 26 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მომდევნო ადგილზე მყოფ „ესტუდიანტესს“ ორი ქულით აჯობა. იასალდემ ნასიონალის ჩემპიონატის ფარგლებში გამართული 15 შეხვედრიდან 9 შეხვედრაში ითამაშა, 10 გოლი შეაგდო და თანაკლუბელ ლუის არტიმეს შემდეგ, მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა. არტიმე, რომელმაც ისალდეზე მხოლოდ ერთით მეტი (11) ბურთი გაიტანა, — ტურნირის ბომბარდირი, ხოლო იასალდე — მეორე საუკეთესო გოლეადორი გახდა. „ინდეპენდიენტეს“ რიგებში პირველად 1967 წლის 8 ივლისს, მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის მე-19 ტურის კალენდარულ მატჩში, „ჩაკარიტა ხუნიორსის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრა ფრედ 0–0 მთავრდება.[კომ. 2] იასალდეს სადებიუტო შეხვედრა „ინდეპენდიენტემ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მიგელ ანხელ სანტორო, რობერტო ოსკარ ფერეირო, იდალინო მონგესი, დავიდ ასევედო, რიკარდო ელბიო პავონი, ვინსენტე დე ლა მატა, რაულ არმანდო სავოი, რაულ ემილიო ბერნაო, ლუის არტიმე, ექტორ იასალდე და ანიბალ რობერტო ტარაბინი. მთ. მწვრთნელი: ოსვალდო ბრანდაო.[5] პირველი გოლი მეტოქის კარში იმავე წლის 24 სექტემბერს, „პლატენსეს“ წინააღმდეგ სტუმრად გამართულ ნასიონალის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში გააქვს. შეხვედრა „ინდეპენდიენტეს“ გამარჯვებით — 2–1 მთავრდება.[კომ. 3] მეოთხე ტურის მატჩი „ინდეპენდიენტემ“ საკუთარ მოედანზე, „ლანუსთან“, დიდი ანგარიშით — 5–2 მოიგო. ხუთიდან სამი ბურთი იასალდემ გაიტანა — პირველი ჰეთ-თრიკი კარიერაში.[კომ. 4] მეხუთე ტურში „ინდეპენდიენტემ“ „კილმესი“ მიიღო და შეხვედრა კვლავ დიდი ანგარიშით 4–2 მოიგო. ოთხიდან ორი ბურთი იასალდემ გაიტანა (პირველი დუბლი).[კომ. 5] მეექვსე ტურში სტუმრად „ფერო კარილ ოესტე“ 2–1 დაამარცხა. პირველი ბურთი იასალდემ შეაგდო, მეორე კი რობერტო ტარაბინიმ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.[კომ. 6] მეშვიდე ტურში გათამაშების აუტსაიდერს რესისტენსიის „ჩაკო ფორევერს“ უმასპინძლა და შეხვედრა ისევ დიდი ანგარიშით 6–0 მოიგო. ამჯერად იასალდემ ექვსიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.[კომ. 7] მერვე ტურში სტუმრად, მარ-დელ-პლატაში, გენერალ სან-მარტინის სტადიონზე „სან-ლორენსო დე მარ-დელ-პლატა“ 3–0 დაამარცხა. იასალდემ აქაც გაიტანა. მეორე ბურთი რაულ არმანდო სავოიმ შეაგდო, ხოლო მესამე — ლუის არტიმემ. ეს იყო იასალდეს შთამბეჭდავი დასაწყისი „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში, ზედიზედ ექვსი ტური ისე ითამაშა, რომ მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.[კომ. 8] თავის ბოლო გოლს „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში 1970 წლის 8 დეკემბერს, ლა-პლატის „ხიმნასია ი ესგრიმასთან“ შინ გამართულ ნასიონალის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში აგდებს. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით — 5–2 მთავრდება. ბოლოჯერ „ინდეპენდიენტეს“ მაისურით იმავე წლის 16 დეკემბერს, ნასიონალის ჩემპიონატის მე-20 ტურის საშინაო შეხვედრაში „ბანფილდის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. მატჩი კვლავ მასპინძელთა გამარჯვებით, ამჯერად ანგარიშით 2–0 მთავრდება. 1970 წელს „ინდეპენდიენტესთან“ ერთად მეორედ მოიპოვა საჩემპიონო ტიტული. ამჯერად, მისმა გუნდმა მეტროპოლიტანოს ჩემპიონობა მოიპოვა, რომლის ფარგლებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში იასალდემ 12 გოლი შეაგდო. საერთო ჯამში, კლუბის შემადგენლობაში 1967–1970 წლებში არგენტინის პირველობაზე 113 შეხვედრა ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა. ლისაბონის „სპორტინგი“1970 წლიდან მოწვევები ჰქონდა „სანტოსიდან“ და „პალმეირასიდან“, ასევე კონტრაქტს სთავაზობდნენ „ვალენსია“ და ლიონის „ოლიმპიკი“, მონტევიდეოს „ნასიონალი“ და „ბოკა ხუნიორსი“, თუმცა მან ლისაბონის „სპორტინგში“ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. ლისაბონის „სპორტინგთან“ კონტრაქტი 1971 წლის 25 იანვარს[3] გააფორმა და თავის ახალ კლუბს 11 თებერვალს, პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატის შუა პერიოდში შეუერთდა. თუმცა იმ დროს უცხოელ ფეხბურთელებზე არსებული ლიმიტის გამო კლუბი ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით მას განაცხადში ვერ შეიყვანდა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, იასალდეს მიმდინარე სეზონის ბოლომდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში შეეძლო მონაწილეობის მიღება. „სპორტინგის“ მაისურით პირველად 1971 წლის 24 თებერვალს, ამხანაგურ მატჩში, პარიზის „რედ სტარის“ წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი, რომელიც ლისაბონში, ჟოზე ალვალადეს სტადიონზე (პორტ. Estádio José Alvalade) შედგა — შიკუ ფარიას, ჟოაო ლარანჟეირას და ვიტორ გონსალვეშის გოლების წყალობით „სპორტინგმა“ მშრალი ანგარიშით — 3–0 მოიგო.[6] რაც შეეხება სატურნირო შეხვედრას, მისი ოფიციალური დებიუტი 1971 წლის 12 სექტემბერს, პორტუგალიის ჩემპიონატის პირველივე ტურის კალენდარულ მატჩში, „ბოავიშტას“ წინააღმდეგ შედგა. იასალდეს სადებიუტო შეხვედრა „სპორტინგმა“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ვიტორ დამაში, ილარიუ და კონსეისაუ, პედრუ გომეში, ფრანსისკუ კალო, ჟოაო ლარანჟეირა, ვიტორ მანუელ დე ალმეიდა გონსალვეში, ფერნანდუ პერიშ და სილვა, ნელსონ ფერნანდეში (ჟოაო ლორენსუ), ჟოაკიმ ანტონიუ დინიში, შიკუ ფარია (დანი სილვა) და ექტორ იასალდე. მთ. მწვრთნელი: მარიუ ლინუ. შეხვედრა ამჯერადაც ლისაბონში, კვლავ ჟოზე ალვალადეს სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. ოთხიდან ორი ბურთი იასალდემ გაიტანა, მე-5 და 25-ე წუთებზე — სადებიუტო მატჩის პირველი ორი გოლი და შესაბამისად, პირველი დუბლი პორტუგალიურ კარიერაში.[კომ. 9] პორტუგალიის ჩემპიონატი 1971–72„სპორტინგის“ რიგებში 1971–72 წლების სეზონში პორტუგალიის პირველობაზე იასალდემ ოცდაათიდან 20 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი შეაგდო.[7][8] „სპორტინგმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 30 შეხვედრიდან — 17 მატჩი მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. საერთო ჯამში 43 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ქვეყნის ჩემპიონის „ბენფიკასა“ და ვიცე-ჩემპიონის სეტუბალის „ვიტორიას“ შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.[9]
პორტუგალიის ჩემპიონატი 1972–73მომდევნო სეზონში 29 შეხვედრაში უკვე 19-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.[30] „სპორტინგმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 30 შეხვედრიდან — 15 მატჩი მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. საერთო ჯამში 37 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა.
პორტუგალიის ჩემპიონატი 1973–741973-74 წლების სეზონში 30 თამაშში 46 გოლი გაიტანა[60] და ევროპის ოქროს ბუცი მოიგო. ეს იყო ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით ევროპის რეკორდი, რომელსაც არგენტინელ ფეხბურთელთა შორის იგი 38 წელი ინარჩუნებდა. აღნიშნული რეკორდი მხოლოდ 2012 წელს დაემხო, როდესაც ლიონელ მესიმ ერთ სეზონში 50 ბურთის გატანა შეძლო. „სპორტინგის“ შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო და ერთი გოლიც შეაგდო ევროპის თასების მფლობელთა თასის გახმაურებულ მატჩში გლაზგოს „რეინჯერსის“ წინააღმდეგ; ეს იყო ტურნირის განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრა (პირველი მატჩი გლაზგოში „რეინჯერსმა“ 3–2 მოიგო), რომელიც 1971 წლის 3 ნოემბერს, ჟოზე ალვალადეს სტადიონზე გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო მასპინძელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც მეტოქეებმა თითო ბურთი გაცვალეს — 4–3 „სპორტინგის“ სასარგებლოდ. წესით სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შოტლანდიელებს შემდეგი ეტაპის საგზური თამაშის დამთავრებისთანავე ეკუთვნოდათ, თუმცა ჰოლანდიელმა მსაჯმა ლორენს ვან რავენსმა გადაწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებს მატჩისშემდგომი პენალტების სერია უნდა შეესრულებინათ.[61] მართალია, „სპორტინგმა“ პენალტების სერიაში „რეინჯერსს“ აჯობა, თუმცა, საბოლოოდ, უეფას გადაწყვეტილებით, პენალტების სერიის შედეგი გაუქმდა და „რეინჯერსი“ სტუმრად გატანილი გოლის მოქმედი წესიდან გამომდინარე მომდევნო რაუნდში გავიდა, სადაც ჯერ „ტორინოს“ ბარიერი დაძლია (1–1; 1–0), შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ (1–1; 2–0) და ფინალში მოსკოვის „დინამოს“ დამარცხების (3–2) შემდეგ თასსაც დაეუფლა.[62] 1971–1975 წლებში ლისაბონელთა მაისურით პორტუგალიის პირველობაზე 104 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლი შეაგდო მეტოქეთა კარებში. რაც შეეხება „სპორტინგის“ რიგებში პორტუგალიის თასზე და ევროთასებზე ჩატარებულ მატჩებს და გატანილ ბურთებს, აქაც შთამბეჭდავი შედეგიანობით გამოირჩა — 13 მატჩი და 12 გოლი პორტუგალიის თასზე, 14 მატჩი და 10 გოლი ევროთასებზე. საერთო ჯამში, ყველა ტურნირის ჩათვლით, „სპორტინგის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 131 ოფიციალურ შეხვედრაში იასალდემ 126-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები. მარსელის „ოლიმპიკი“1975 წლიდან მარსელის „ოლიმპიკის“ რიგებში გამოდიოდა. 1975-76 წლების სეზონში „ოლიმპიკის“ მაისურით საფრანგეთის პირველობაზე 31 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი შეაგდო. მომდევნო სეზონში 13 შეხვედრაში მხოლოდ 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. მარსელელთა რიგებში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის თასის ფინალურ შეხვედრაში ლიონის „ოლიმპიკის“ წინააღმდეგ, რომელიც 1976 წლის 12 ივნისს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მარსელის „ოლიმპიკის“ გამარჯვებით 2–0 დასრულდა.[კომ. 11][63] უმაღლესი დივიზიონი
საერთაშორისო თასები
სტატისტიკური შეჯამება
სანაკრებო კარიერა1968–1974 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 17 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1968 წლის 3 აგვისტოს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: რუბენ ომარ სანჩესი, რობერტო როდოლფო აგირე, ოსკარ მალბერნატი, ექტორ ალბერტო ოსტუა, რობერტო პერფუმო, ალფიო რუბენ ბასილე, ალბერტო რენდო, ხორხე რაულ სოლარი (რაულ არმანდო სავოი), კარლოს ხოსე ველიო (სესარ ლუის მენოტი), ოსკარ მასი და ექტორ იასალდე. მთ. მწვრთნელი: ხოსე მარია მინელია. მატჩი რიო-დე-ჟანეიროში „მარაკანაზე“ გაიმართა და ბრაზილიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დასრულდა.[64] ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1974 წლის 26 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ დასავლეთ გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა.[65] არგენტინელეთა რიგებში თამაშობდნენ: დანიელ კარნევალი, რამონ ერედია, რობერტო პერფუმო, ფრანსისკო სა, ენრიკე ვოლფი (რუბენ ოსკარ გლარია), კარლოს სკეო, რობერტო ტელჩი, რუბენ აიალა, აგუსტინ ბალბუენა, რენე ჰაუსმანი (მარიო კემპესი) და ექტორ იასალდე. მთ. მწვრთნელი: ვლადისლაო კაპი. მატჩი გელზენკირხენში გაიმართა და ნიდერლანდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–0 დასრულდა.[66][67] 1969 წლის 27 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები პერუს, ბოლივიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდებს შორის. იასალდემ არგენტინელთა მიერ გამართული 4 მატჩიდან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელებმა ოთხიდან ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და ორი დათმეს. გადამწყვეტი შეხვედრა პერუელებთან, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა და რომელშიც მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ, ფრედ — 2–2 დასრულდა, რამაც მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პერუელებს არგუნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არგენტინამ ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირება.[68] ექტორ იასალდემ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით სულ სამი ბურთი გაიტანა. პირველი გოლი მან პერუელებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შეაგდო. მატჩი 1968 წლის 29 აგვისტოს ლიმას ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და ფრედ — 2–2 დასრულდა. არგენტინელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: ედგარდო ნორბერტო ანდრადა, რაფაელ ალბრეხტი, რობერტო პერფუმო, ალბერტო რენდო, როდოლფო ფიშერი, ექტორ იასალდე (ანხელ მანუელ სილვა), ალფიო რუბენ ბასილე (რობერტო როდოლფო აგირე), ლოპესი, ექტორ სალვადორ მინიტი, ექტორ ალბერტო ოსტუა (ხორხე რაულ სოლარი) და რაულ არმანდო სავოი.[69] თავისი მეორე და მესამე სანაკრებო გოლი მან დასავლეთ გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში ჰაიტის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა. მატჩი 1974 წლის 23 ივნისს მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით — 4–1 დასრულდა. ამ მატჩში არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: დანიელ კარნევალი, რამონ ერედია, რობერტო პერფუმო, ფრანსისკო სა, ენრიკე ვოლფი, კარლოს ბაბინგტონი, რობერტო ტელჩი, რუბენ აიალა, მარიო კემპესი (აგუსტინ ბალბუენა), რენე ჰაუსმანი (მიგელ ანხელ ბრინდისი) და ექტორ იასალდე.[70] მისი მონაწილეობით გამართული 17 შეხვედრიდან არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 8 შეხვედრა ფრედ დაამთავრა, 6 შეხვედრა დათმო და მხოლოდ სამ შეხვედრაში გაიმარჯვა — ბოლივიის (1–0), საფრანგეთისა (2–0) და ჰაიტის ეროვნულ გუნდებთან (4–1). ამ 17 შეხვედრაში არგენტინელებმა მეტოქის კარში 22 ბურთი გაიტანეს, ხოლო საკუთარ კარში 29 ბურთი მიიღეს. სანაკრებო მატჩები
მსოფლიო ჩემპიონატზეექტორ იასალდემ მხოლოდ ერთ, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც არგენტინის ნაკრების მიერ ჩატარებული 6 შეხვედრიდან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ბურთი გაიტანა.[92][93]
თამაშის სტილიფეხბურთის სპეციალისტების შეფასებით იასალდე თავდამსხმელისთვის აუცილებელი საუკეთესო მონაცემებით გამოირჩეოდა: თანაბრად ფლობდა ორივე ფეხს და არანაკლებ კარგად თამაშობდა თავით.[3] გააჩნდა ბურთის დამუშავების მაღალი ტექნიკა, როგორც ბურთის მიღებისას და მცველებთან ორთაბრძოლისას, ასევე შეტევის დამამთავრებელ ფაზებში, როდესაც საჭირო ხდებოდა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. გამოირჩეოდა ძლიერი და ზუსტი დარტყმით, ზუსტი პასებით და განსაკუთრებული საგოლე ალღოთი. ჰქონდა თამაშისა და მოედნის შესანიშნავი ხედვა და რთული სათამაშო სიტუაციებიდან საუკეთესო გამოსავლის მონახვის უნარი. საჭიროების შემთხვევაში უნარიანად იყენებდა დრიბლინგს და ზუსტად ირჩევდა შეტევისა თუ კომბინაციის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს.[3] კარგად გრძნობდა პარტნიორს და თავადაც საუკეთესო პარტნიორი იყო თანაგუნდელთათვის. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც თავადაც შეეძლო მეტოქის კარის აღება, უკეთეს სათამაშო პოზიციაში მყოფ პარტნიორს არასდროს უგვიანებდა საგოლე გადაცემას. გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით და არ გაურბოდა მცველებთან ორთაბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ათლეტური მონაცემებითა და დიდი ფიზიკური ძალით, დახვეწილი ტექნიკისა და შექმნილ სიტუაციაში სწრაფი ორიენტირების უნარის წყალობით, მეტწილად გამარჯვებული გამოდიოდა მცველებთან ორთაბრძოლების დროს. შეეძლო ცრუ მოძრაობით, მახვილგონივრული მანევრითა და მოწინააღმდეგეთათვის მოულოდნელი გაწყვეტილებით უკან მოეტოვებინა და „მოეტეხა“ არა მხოლოდ უშუალო მეურვე, არამედ მეტოქის დაცვის მთელი ხაზი და თავად დაეგვირგვინებინა შეტევა. პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე სარგებლობდა თანაგუნდელთა და გულშემატკივართა განსაკუთრებული სიყვარულით, რომელთა უმრავლესობა მას თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ფეხბურთელად მიიჩნევდა.[94] სტატისტიკასაკლუბომონაცემები განახლებულია სპორტული კარიერის ბოლოს.
სანაკრებო
ფაქტები1974 წელს, როგორც საუკეთესო ბომბარდირს, ევროპის ოქროს ბუცის პრიზად იასალდეს ტოიოტას მარკის ავტომობილი გადასცეს, რომელიც მან გაყიდა, ხოლო მიღებული თანხა თანაგუნდელებს გაუნაწილა. იასალდე იყო პირველი არგენტინელი და პირველი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ოქროს ბუცი გადაეცა. ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელთაგან იასალდეს შემდეგ მხოლოდ ბრაზილიელმა მარიო ჟარდელმა (პორტ. Mário Jardel Almeida Ribeiro) შეძლო ევროპის ოქროს ბუცის მოპოვება, როდესაც 2001–02 წლების სეზონზე პორტუგალიის პირველობაზე 42 ბურთი გაიტანა.[95] ევროპის ოქროს ბუცის ლაურეატებს შორის იასალდეს გატანილი ბურთების რაოდენობის მხრივ (46 გოლით), მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ლიონელ მესის (50; „ბარსელონა“; 2011–12), კრიშტიანუ რონალდუს (48; მადრიდის „რეალი“; 2014–15) და დუდუ ჯორჯესკუს (47; ბუქარესტის „დინამო“; 1974–75) შემდეგ.[96] 1973 წლის 7 ოქტომბერს, პორტუგალიის პირველობაზე გამართულ პირველი წრის შეხვედრაში ლისაბონის „ორიენტალთან“, რომელიც „სპორტინგმა“ 7–0 მოიგო, იასალდემ 4 ბურთი გაიტანა.[97] 1974 წლის 17 თებერვალს, პორტუგალიის პირველობაზე გამართულ მეორე წრის შეხვედრაში იმავე ლისაბონის „ორიენტალთან“, რომელიც „სპორტინგმა“ ამჯერად, 8–0 მოიგო, იასალდემ 5 ბურთი გაიტანა.[98][99] პორტუგალიაში, „სპორტინგის“ შემადგენლობაში თამაშის დროს მის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს მეტოქე გუნდების, მათ შორის განსაკუთრებით „ბენფიკას“ გულშემატკივრები გამოხატავდნენ. ფეხბურთის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა, როგორც თავმდაბალმა და გულისხმიერმა, უბრალოებით, ადამიანური ღირსებითა და მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოებულმა და ყოველგვარ ვარსკვლავურ დაავადებას მოკლებულმა ადამიანმა. მინდორს მიღმა გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მინდორზე მის მოწინააღმდეგესთან, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პორტუგალელ ფეხბურთელთან ეუსებიოსთან. მისი მეუღლე იყო პორტუგალიელი მოდელი და მსახიობი კარმენ იასალდე — ნამდვილი სახელი მარია დუ კარმუ (პორტ. María do Carmo Ressurreição de Deus; დ. 29 მაისი, 1950). დაქორწინდნენ 1973 წლის 16 ივლისს ბუენოს-აირესში, სან-კარლოსის ბაზილიკაში. ხოლო მანამდე, იმავე წლის მაისში მათ შეეძინათ ვაჟი გონსალო იასალდე.[3] გალერეა
მიღწევებისაკლუბო
ინდივიდუალური
ლიტერატურა
ბიბლიოგრაფია
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
კომენტარები
სქოლიო
|