ლუიზა დანიელი (1726-1756)
ლუიზა დანიელი (დან. Louise af Danmark, გერმ. Louise von Dänemark; დ. 19 ოქტომბერი, 1726 — გ. 8 აგვისტო, 1756) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VI-ისა და დედოფალ სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელის ასული. საქსენ-ჰაილდბურგჰაუზენის ჰერცოგინია როგორც ერნესტ ფრიდრიხ III-ის მეუღლე. ბიოგრაფიაადრეული წლებილუიზა დაიბადა 1726 წლის 19 ოქტომბერს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელის ქალიშვილი. მას, თავისი განსხვავებული ხასიათის გამო მშობლებთან არასოდეს ჰქონია კარგი და ახლო ურთიერთობა. მას ასევე სძულდა სამეფო კარის მკაცრი ეტიკეტი და კოსტიუმები. ლუიზას უცხოელი დიპლომატები აღწერენ როგორც ცოცხალ ადამიანს, რომლის ადგილიც არ იყო რელიგიურ და მკაცრ სამეფო კარზე. როგორც ცნობილია, მამამისმა არაერთხელ დაიჩივლა მისი „ურჩი ბუნების“ გამო თავის მეგობართან, გრაფ კრისტიან გიუნტერ სტოლბერგთან. უკანასკნელ წლებში, ლუიზამ დიდი გავლენა იქონია კრისტიან VI-ის დიპლომატიურ გადაწყვეტილებებზე. სკანდალი და ქორწინებათავდაპირველად ლუიზა მოიაზრებოდა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ის შუათანა ვაჟის, კამბერლენდის ჰერცოგ უილიამის საცოლედ, თუმცა მოგვიანებით კრისტიან VI-მ ჩაშალა მოლაპარაკებები, რადგან ეგონა, რომ მას შვედეთის მეფეზე გაათხოვებდა. შვედეთის პარალელურად, იგი ლუიზასათვის საქმროს საფრანგეთსა და მეკლენბურგშიც ეძებდა. 1743 წელს, შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკმა უარი განაცხადა ლუიზაზე, იგივე მოხდა სხვა ქვეყნებშიც. ამრიგად, კრისტიან VI-ის ოცნება, რომ მისი ქალიშვილი რომელიმე სამეფოს პრინცზე დაქორწინდებოდა სამუდამოდ ჩაიშალა. თავისი ძმის, ფრედერიკ V-ის მეფობისას, 1749 წელს ლუიზამ რომანი გააბა, რომლის შედეგადაც დაორსულდა. სამეფო ოჯახმა იგი გასაიდუმლოებულ გარემოში ამშობიარა და ბავშვი სამუდამოდ გააქრო, თუმცა ამ ამბის დამალვა ვერ მოხერხდა. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, რის გამოც ფრედერიკმა ლუიზა აჰლეფელდის ციხე-სიმაგრეში გამოკეტა. იმავე წელს, ფრედერიკმა ლუიზა საქსენ-ჰაილდბურგაუზენის ჰერცოგ ერნესტ ფრიდრიხ III-ზე დააქორწინა. ქორწინების წყალობით, სკანდალი ყველას გადაავიწყდა. მათი ქორწინება 1749 წლის 1 ოქტომბერს, ჰირშჰოლმის სასახლეში, კოპენჰაგენის ჩრდილოეთით შედგა. საქსენ-ჰაილდბურგჰაუზენის ჰერცოგინიაროგორც საქსენ-ჰაილდბურგჰაუზენის ჰერცოგინია, იგი თავის სამეფო კარზე ფორმალური ეტიკეტით სარგებლობდა და ფუფუნებაში ცხოვრობდა. იგი აღწერილია როგორც ამაყი ქალი, რომელიც დიდ ხარჯებს თავისი სამეფო წარმომავლობით ამართლებდა. მას ძალიან უყვარდა ბალეტი, მასკარადები, ბურთით თამაში, ნადირობა, აზარტული თამაშები და ქალაქის ქუჩებში მარტო სეირნობა. 1755 წლის დეკემბერში მან თავისი პირველი და უკანასკნელი გოგონა გააჩინა, რომელსაც ფრედერიკა სოფია დაარქვა. პატარა პრინცესა მომდევნო წლის იანვარში გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალების გამო ლუიზა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და გარდაიცვალა 1756 წლის 8 აგვისტოს, 29 წლის ასაკში. ლიტერატურა
|