მარია ლუისა ესპანელი (ესპ.María Luisa de España, გერმ.Maria Ludovica von Spanien; დ. 24 ნოემბერი, 1745, ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო — გ. 15 მაისი, 1792, ვენა, ავსტრია, საღვთო რომის იმპერია) — ბურბონთა დინასტიის ესპანური შტოს წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ამალია საქსონიელის ქალიშვილი. ტოსკანის დიდი ჰერცოგინია 1764-1790 წლებში, საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, გერმანიისა და იტალიის დედოფალი 1790-1792 წლებში, როგორც ლეოპოლდ II-ის მეუღლე და მისი ცამეტი შვილის დედა. იგი იყო საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატორის, ფრანც II-ის დედა.
ბიოგრაფია
ესპანეთის ინფანტა
მარია ლუისა დაიბადა 1745 წლის 24 ნოემბერს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ამალია საქსონიელის ქალიშვილი. იგი მათთვის მეხუთე, მაგრამ მეორე გადარჩენილი შვილი იყო. ამ პერიოდში მისი მშობლები ჯერ კიდევ არ იყვნენ ასულნი ესპანეთის ტახტზე, ამიტომაც მისმა ბავშვობამ ნეაპოლში გაიარა.
მამამისი კარლი, რომელიც ესპანეთის ტახტის მემკვიდრე იყო, 1735 წელს ავსტრიელებს წაართვათ ნეაპოლისა და სიცილიის სამეფოები და იქ გამეფდა, მანამ სანამ ესპანეთში მისი დრო დადგებოდა. მას შემდეგ რაც მარია ლუისას ბიძა, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI 1759 წელს გარდაიცვალა, ტახტზე მამამისი კარლ III ავიდა, რის გამოც ნეაპოლის ტახტი მარია ლუისას ძმამ მიიღო, კარლი კი ცოლთან და დანარჩენ შვილებთან ერთად ესპანეთში გადასახლდა.
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
თავდაპირველად იგეგმებოდა მარია ლუისას მითხოვება ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ II-ზე, თუმცაღა ეს მოლაპარაკებები მალევე ჩაშალა საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ, რომელმაც იოზეფს თავისი შვილიშვილი იზაბელა პარმელი შერთო ცოლად.
1764 წლის 16 თებერვალს მადრიდში მარია ლუისა დააქორწინეს ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასა და საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ის მეორე ვაჟზე, ერცჰერცოგ ლეოპოლდ ავსტრიელზე, რომელთაც სამართავად ტოსკანა უბოძეს და იქ დაასახლეს. ქორწინების კონტრაქტის მიხედვით, მარია ლუისას და ლეოპოლდის შთამომავლებს ყველანაირი უფლება ერთმეოდათ ესპანეთის ტახტზე, შემდგომში მათი პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად. ქორწინების შემდეგ წყვილმა მოგზაურობა დაიწყო. ისინი ეწვივნენ ბარსელონას, გენუასა და ბოლცანოს. ვინაიდან მადრიდში გამართული ქორწინება მარიონეტული იყო, მომდევნო წლის 5 აპრილს მარია ლუისა და ლეოპოლდი რეალურად დაქორწინდნენ ერთმანეთზე ინსბრუკში. ქორწილიდან მალევე მარია ლუისას მამამთილი, იმპერატორი ფრანც I გარდაიცვალა, რის გამოც ლეოპოლმა და მარია ლუისამ მალევე დატოვეს ავსტრია და ტოსკანაში გაემგზავრნენ, სადაც გაატარეს მათი თანაცხოვრების მომავალი ოცდახუთი წელი. ახლად დაქორწინებული წყვილი ფლორენციაში 1765 წლის 13 სექტემბერს შევიდა დიდი ზეიმით. ფლორენციაში მაც რეზიდენციად პიტის სასახლე იქცა.
ჯერ კიდევ ქორწილში მოხიბლა მარია ლუისამ ლეოპოლდი თავისი ცისფერი თვალებით, კეთილი და დახვეწილი ბუნებით, განუმეორებელი გარეგნობითა და შარმით. მარია ლუისა ძალიან კეთილი და თბილი პიროვნება იყო, განსხვავებით ლეოპოლდისგან. მათი ქორწინება საკმაოდ მყარი და ბედნიერი აღმოჩნდა. მკაცრი კათოლიკური ტრადიციებით აღზრდილი მარია ლუიზა ქმრის ერთგული და დიდი მხარდამჭერი იყო. მათ ქორწინებაში ცამეტი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი გოგონა, ათი კი ვაჟი იყო. მათი ყველა შვილი ჯანმრთელი იყო და ყველამ მიაღწია სრულწლოვანებამდე. თუმცაღა მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია ლეოპოლდისთვის, რომ საყვარელი გაეჩინა ლივია რაიმონდის სახით, რომელთანაც 1788 წელს ვაჟიც კი შეეძინა, თუმცა მაც თავისი კანონიერი ცოლ-შვილისგან შორს, სან მარკოს სასახლეში აცხოვრებდა.
როგორც ტოსკანის დიდმა ჰერცოგინიამ, მან ფლორენციელთა დიდი სიყვარული იქ ჩასვლიდან პირველივე წელს დაიმსახურა. როცა ფლორენციაში ომის გამო შიმშილობა დაიწყო, იგი ხალხს პირადად ურიგებდა საკვებს და ზრუნავდა, რომ მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ. მართალია მისი კორონაცია არასდროს შემდგარა, თუმცა 1768 წელს იგი ლეოპოლდის კორონაციას ესწრებოდა. მას ასევე ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის მულთან, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელთან, რომელსაც ძალიან ხშირად სწერდა წერილებს. 1770 წელს იგი ლეოპოლდთან ერთად ვენას ესტუმრა. მარია ლუისა და ლეოპოლდი ასეთ ოფიციალურ შეხვედრებზე ძალიან იშვიათად დადიოდნენ და ძირითადად ასეთ საქმეებზე თავიანთ წარმომადგენლებს უშვებდნენ ხოლმე. მართალია მათი სამეფო კარი ბრწყინვალებისა და გართობის ცენტრი იყო და ლეოპოლდიც ამის ნაწილად იქცა, თუმცა თანდათან მარია ლუისა მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა საზოგადოებისგან, რადგან იგი მთელს თავის ცხოვრებას შვილების აღზრდას უთმობდა. მარია ლუისამ და მისმა ქმარმა შვილების თავისუფლად აღზრდა გადაწყვიტეს, რის გამოც მათ სამეფო კარიდან შორს, ყოველგვარი ზედმეტი პროტოკოლისა და წესების გარეშე ზრდიდნენ, ასევე ხშირად უშვებდნენ სამოგზაუროდ. სწორედ ამიტომ, მარია ლუისა იტალიურ არისტოკრატიაში ნაკლებად ცნობილი იყო, იგი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა თავისი მეგობრების მცირე წრეში.
საღვთო რომის იმპერატრიცა
1790 წელს ლეოპოლდის ძმის, იმპერატორ იოზეფ II-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი სამფლობელოები, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ავსტრიის, უნგრეთის, ტრანსილვანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ტერიტორიებს ლეოპოლდ II-სა და მარია ლუისას გადაეცათ. მალევე მარია ლუისას ქმარი არჩეულ იქნა საღვთო რომის იმპერატორადაც. ამის შემდეგ ლეოპოლდი და მარია ლუისა შვილებთან ერთად ვენაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ლეოპოლდი ტახტზე ასვლიდან ორ წელიწადში, 1792 წლის 1 მარტს გარდაიცვალა, ტახტზე კი მათი ვაჟი ფრანც II ავიდა. მარია ლუისა ქმარზე ნერვიულობას გადაჰყვა და ამავე წლის 15 მაისს ისიც გარდაიცვალა, 46 წლის ასაკში.
ავსტრიაში ხანმოკლე მმართველობისას ლეოპოლდმა და მარია ლუისამ გაიცნეს მოცარტი. მათი დაკვეთით მოცარტმა რამდენიმე ოპერა დაწერა, რომელიც პრაღასა და ვენაში დაიდგა, სპეციალურად საიმპერატორო ოჯახის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ მარია ლუისა ძალიან ცოტა ხნით იჯდა ტახტზე, მან მაინც მოასწრო და გარკვეული კუთხით რამდენიმე ხელოვანისა და მეცნიერის შემოქმედება დააფინანსა. იგი განისვენებს ვენაში, საიმპერატორო აკლდამაში, ლეოპოლდის გვერდით.
24 ნოემბერი, 1745 - 10 აგვისტო, 1759:მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ლუისა, პრინცესა ნეაპოლისა და სიცილიისა;
10 აგვისტო, 1759 - 16 თებერვალი, 1764:მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ლუისა, ესპანეთის ინფანტა;
16 თებერვალი, 1764 - 18 აგვისტო, 1765:მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ლუისა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის პრინცესა;
18 აგვისტო, 1765 - 20 თებერვალი, 1790:მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ლუისა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია;
20 თებერვალი, 1790 - 1 მარტი, 1792:მისი საიმპერატორო უმაღლესობა, მარია ლუისა, საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, გერმანიისა და იტალიის დედოფალი;
1 მარტი, 1792 - 15 მაისი, 1792:მისი საიმპერატორო უმაღლესობა, მარია ლუისა, საღვთო რომის ქვრივი იმპერატრიცა, ავსტრიის ქვრივი ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, გერმანიისა და იტალიის ქვრივი დედოფალი.
ლიტერატურა
Justin C. Vovk: In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa (2010).
Maria Luisa's participation in her husband's coronation as king of Bohemia in Prague in 1791 is detailed in Daniel E. Freeman, Mozart in Prague (Minneapolis, 2013), 148–177; the passage from Meissner's Rococo-Bilder that attributes the phrase "porcheria tedesca" to her is translated on pp. 173-74.
Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 9.