ახალი მოედანი დაარსდა XVI საუკუნეში, შუა საუკუნეების ქალაქის გაფართოებისა და განმტკიცების პერიოდში. მოედანზე იმართებოდა რაინდთა ტურნირები და სხვადასხვა საცხენოსნო ღონისძიებები. XVI საუკუნის დასასრულს ძველი და ახალი ქალაქის დასაკავშირებლად, შუა საუკუნეების ციხის სამხრეთ კედელში გააკეთეს კარიბჭე ე. წ. პორტ-როიალი. მოედნის ჩრდილოეთით განთავსებული იყო ლოთარინგიის ჰერცოგის სასახლის ფრთა, რომელიც დაანგრია ჰერცოგმა ლეოპოლდ I ლოთარინგიელმა, რომელიც გეგმავდა აქ აეშენებინა ახალი ლუვრი. მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს XVIII საუკუნის დასაწყისში აგებული ბოვოს დარბაზი (ამჟამად სააპელაციო სასამართლოს შენობა), რომელიც აგებულია ფრანგი არქიტექტორის ჟერმან ბოფრანის მიერ.